სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი KIUInnovate პლატფორმის ფარგლებში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

26 ოქტომბერი, 2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი KIUInnovate პლატფორმის ფარგლებში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს, თემაზე „უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.“
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და რეგიონში უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს ჩაატარებენ და ისაუბრებენ თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.
 
ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
 
KIUInnovate Business Forum აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში.
 
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა თემატური შეხვედრა და KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა.