სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) მიმდინარეობაზე EU4ITD-ის შეფასების მისიის გუნდის ხელმძღვანელ რუბინა დევრიკიანთან იმსჯელა.
შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტურობასა და რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე.
2022 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.