სიახლეები

#იმერეთში საერთაშორისო მედიაწარმომადგენლების, ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობა გრძელდება

29 აგვისტო, 2022
მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენლები ტურის ფარგლებში წყალტუბოს ესტუმრნენ. 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენლის, ბლოგერისა და ინფლუენსერის ობიექტივში დღეს პრომეთეს მღვიმე და თეთრა მღვიმე მოხვდა. ადგილზე სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა იმერული ღვინის დეგუსტაცია.
 
მესამე დღეა იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრშია.
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ - თანამედროვე სტანდარტების პროექტი ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე.
 
პროექტის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა.
 
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ განხორციელდა.
 
პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა - საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს - ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის მერია, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.