სიახლეები

უპრეცენდენტო პროექტი „GET LOST WIZZAIR“ იმერეთში

26 აგვისტო, 2022
 
#იმერეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს უმასპინძლებს, რომლებიც ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან.
 
პროექტის მონაწილეებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შეხვდა და მათ რეგიონის ტურისტული ლოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე უსურვა საინტერესო მოგზაურობა.
სამი დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.
 
საერთაშორისო მედიაწარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა უკვე დაათვალიერეს ქუთაისის ცენტრალური ნაწილი, ასევე იმყოფებოდნენ ბაგრატის ტაძარში. დღესვე, ტურის ფარგლებში ესტუმრებიან მოწამეთასა და გელათის ტაძრებს.
 
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში იმერეთს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ინფლუესერები 20 ქვეყნიდან სტუმრობენ. თანამედროვე სტანდარტების პროექტი ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე.
 
პროექტის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა. პროექტით გათვალისწინებულია იმერეთის შესახებ სხვადასხვა ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია.
 
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ განხორციელდა.
 
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.
 
პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა - საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს - ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის მერია, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.