საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერეში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
,,საჩხერეში ჯამში 13 000 000 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, ძალიან გამორჩეული პროექტია მაჭავარიანის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმამდე მიდის. აღნიშნულ ქუჩაზე მთლიანად იცვლება არსებული ინფრასტრუქტურა. ასევე, ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის შესაბამისად, ,,მოდინახეს ციხის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული რეკრეაციული სივრცისა და ,,მოდინახეს ციხის“ სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქი კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ ლოკაციას მიიღებს“ - ზვიად შალამბერიძე.
განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 3 377 700 ლარით არის დაფინანსებული და 2023 წლის სექტემბერში დასრულდება.
ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დოსითეოს წერეთლის ქუჩის გასწვრივ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ,,მოდინახის ციხის" მიმდებარედ, სკვერისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა. აღნიშნული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ღირებულება 3 685 484 ლარს შეადგენს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 141 პროექტი ხორციელდება. ძირითადი მიმართუელბა არის საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია და სხვა.