სიახლეები

ზვიად შალამბერიძე: უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და შეწყვიტოს ბორდერიზაცია

8 აგვისტო, 2022
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
,,რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენთვის ციფრებს მნიშვნელობა არა აქვს. ყოველთვის გვემახსოვრება ის დანაშაულებები, რომელიც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნა ჩადენილი. დღესაც ოკუპაცია გრძელდება და უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და შეწყვიტოს ბორდერიზაცია“ - ზვიად შალამბერიძე.
 
სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
 
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
 
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.