სიახლეები

პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

3 აგვისტო, 2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნინო ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოანე მენაბდე და 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.
 
კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.
 
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
 
წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.
 
ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.