სიახლეები

გამოფენა ,,კოლხეთი და კასტელი''

2 აგვისტო, 2022
იტალია - საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა - „კრისტოფორო კასტელი და კოლხეთი“ გაიხსნა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კრისტოფორო კასტელის მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელიც კოლხეთს ეძღვნება.
 
თეატინელთა ორდენის წევრი, მხატვარი და ექიმი პატრი კრისტოფორო კასტელი საქართველოში 25 წელი ცხოვრობდა. ამ დროის უდიდესი ნაწილი კოლხეთში გაატარა.
 
კასტელი სინამდვილის გადმოცემის საინტერესო ფორმას იყენებს - ნამუშევრებში მხატვარი თავად ფიგურირებს, როგორც პერსონაჟი. ის გარემოს მოვლენათა ეპიცენტრიდან აკვირდება.
 
ელინური მითების ინტერესის საგანი - კოლხეთი, კასტელისთვის ქუთაისში ცხოვრების წლებში განსაკუთრებით აქტუალური იყო. ის კოლხი ქალების პორტრეტების ციკლს ქმნის კოლხეთის სხვადასხვა მხარეში.
 
კასტელის მისიონერული მოგზაურება საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპაში არც მე-17 საუკუნეში განელებულა ინტერესი ამ ქვეყნისადმი.
 
კოლხეთისადმი ევროპელ მოზაურთა ინტერესი კი, სათავეს ჯერ კიდევ იმ შორეულ წარსულში იღებს, როდესაც საბერძნეთის საუკეთესო გმირებმა - არგონავტებმა -პირველი შორეული საზღვაო ექსპედიცია კოლხეთში განახორციელეს.
 
სიმბოლურია, რომ ვანში - ძველი კოლხეთის რელიგიურ ცენტრში, კიდევ ერთი ევროპელი მოგზაურის მიერ დანახული ეს მითიური ქვეყანა ახლებურად ცოცხლდება.
 
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქტივობები. ისინი ევროპელ მოგზაურთა, მისიონერთა და ხელოვანთა მიერ დანახულ კოლხეთს მიეძღვნება.