რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
“რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ნამდვილად საუკუნის პროექტია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე გამომწვევი და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. სამუშაოები ყველა გვირაბზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გვაქვს დასრულებული გვირაბები, რომლითაც უკვე ვსარგებლობთ. გვირაბების ნახევარი კი უკვე გაჭრილია და შესაბამისი მოსახვითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, კარგი პროგრესია ხიდებთან მიმართებაშიც - მიმდინარეობს ყველაზე გრძელი, უნიკალური მეტალის ხიდის მონტაჟი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.
,,ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანად რიკოთის მონაკვეთზე, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრი გავხსნათ. გზის მშენებლობის პროექტი უნდა დასრულსდეს მომავალი წლის ბოლოსთვის, რაც მისცემს ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას, რომ უფრო მარტივად გადაადგილდნენ. ამასთან, გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, სატრანზიტო ტვირთბრუნვას და შესაბამისად ეკონომიკური სარგებელიც ექნება ჩვენს რეგიონს" - ზვიად შალამბერიძე.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იან მონაკვეთებად. საერთო ჯამში, რიკოთზე დაგეგმილია 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობა.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E 60-ის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თანამედროვე სტანდარტის 4 ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, ხოლო მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სურამში, შროშასა და ზესტაფონში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება.
რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების, რომლის ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ეტაპობრივად 2023 წელს დასრულდება.