იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კლიმატური პირობებით გამოწვეული სამუშაოების შეფერხებაზე და რისკების პრევენციაზე. ასევე, ხაზი გაესვა ამ პერიოდში რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობა და ფერმერების ჩართულობა ფაროსანას და სხვა მავნებელი-დაავადბების ბრძოლის პროცესში.
,,აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება უკვე რამდენიმე წელია. ის ფაქტი, რომ ეს პროექტი წარმატებულია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის დამსახურება. ჩვენ, ყველა ჩართული ვართ და ერთობლივად ვახორციელებთ სახელმწიფო პროექტებს. ასევე, ამ პროცესში აუცილებელია იმ ფერმერების აქტიურად ჩართვა, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. იმისათვის, რომ აზიური ფაროსანის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად ეფექტური ყველა საჭირო ფართობი უნდა დამუშავდეს” - ზვიად შალამბერიძე.
„სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, ყველა ის ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტისთვის , ბუნებრივია, ჩატარდება სრულყოფილად. ამავდროულად, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად უმთავრესია, რომ თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალური გააკეთოს და საკუთარ ფართობებში აგროკალენდრით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაატაროს“-განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, მავნებლის საწინააღმდეგოდ რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დღეისათვის დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგოდ 14 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.