ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება. სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე უნდა დაარსდეს პროტონული თერაპიის კლინიკა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. ცენტრი რეგიონის მასშტაბით ერთადერთი იქნება. გეგმის მიხედვით, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.
ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.
პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეუფევ, მოგესალმებით! დიდი პატივია ჩემთვის ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მართლაც ერთ-ერთ გამორჩეულ, ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩავუყაროთ საფუძველი.
მე მინდა რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ მიერ. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით, და, ახლა უკვე, დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ, ყველანი, დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით ეს პროექტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ აქ, საქართველოში, მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი განათლება და, მართლაც, შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი მოღვაწეობს და მოქმედებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები, 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი თანამიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად.
ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.
ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, ფონდი „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.
კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა და, განსაკუთრებით, ბავშვთა მკურნალობისთვის. ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის.
მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, სადაც წარიმართება უმნიშვნელოვანესი კვლევები სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში.
მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting-ი, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.