წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 5 დიდ სოფლში დაინერგა ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, შეძენილ იქნა ნაგავშემკრები ავტომობილი და 110 კონტეინერი, გაიმართა საგანმანათლებლო კონფერენციები, ტრენინგები, კონკურსები, მოეწყო დასუფთავების აქციები, ურთიეთანამშრომლობის მემეორანდუმი გაფორმდა 21 საჯარო სკოლასთან. ასევე შედგა ვიზიტი რუმინეთის ქალაქ გალაცში, რომლის ფარგლებში ასოციაცია ,,ტექნოპოლ გალაცთან“ მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი’’.
არსებული პროექტი გახლავთ დიდი გამოწვევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების რეალიზაციას გარემოსდაცვის საკითხებთან მიმართებაში.