სიახლეები

ქუთაისს 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი დაემატა

29 ივნისი, 2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
,,კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა იმერეთში და კერძოდ ქუთაისში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში. ევროკავშირის დაფინანსებით ქუთაისმა მიიღო 10 ახალი მიკროავტობუსი, რომელიც მოემსახურება ქალაქს და გასულ წელს შემოყვანილ 60 ავტობუსთან ერთად მთლიანად მოხდება სატრანსპორტო მიმართულების ათვისება. ასევე, მინდა დავამატო, რომ ამ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში წელს ხორციელდება 69 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც რა თქმა უნდა წლის ბოლოსთვის დასრულდება და ბევრ ასეთ საინტერესო პროექტს მიიღებს ჩვენი რეგიონი“ - ზვიად შალამბერიძე.
 
მიკროავტობუსები იმოძრავებენ ქუთაისის რთული რელიეფის მქონე ქუჩებში (გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება), განსაზღვრული სვლა - გეზებით.
 
მიკროავტობუსები შეძენილი იქნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელთა ჯამური ღირებულებაა 1 449 380 ლარი.
 
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში უკვე არის 60 „ევრო 5“-ის ტიპის ავტობუსი, რომელთა შეძენა მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
 
მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია გადახდის აპარატი. ასევე, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში იგეგმება გაჩერებებზე დამონტაჟდეს 109 ერთეული საინფორმაციო ტაბლო.
 
მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობს 30 000 მოქალაქე.
 
ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შეძენით ქალაქმა განავითარა მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა სარგებლობს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.