ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა.
,,ვულოცავ იმერეთს მე-13 თეატრალური ფესტივალის დაწყებას, ფესტივალის რომელიც დიდიხანია გასცდა, როგორც იმერეთს ასევე, საქართველოს ფარგლებს და შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება. თეატრები სპექტაკლებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ამ ნაბიჯით ვცდილობთ, კიდევ უფრო გავაცოცხლოთ თეატრალური ცხოვრება მუნიციპალიტეტებში“ - ზვიად შალამბერიძე.
წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ნახავს ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 16 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს.
სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ფესტივალის დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ,,თეატრალური იმერეთი“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და რეგიონის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.