სიახლეები

ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

15 ივნისი, 2022
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია - ქუთაისში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად გაიმართა.
 
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საკომუნიკაციო პროცესის დაწყებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩართულ / დაინტერესებულ მხარეებს შორის პრივატიზაციისა და კერძო სექტორის ჩართულობას. შეხვედრა ჰიბრიდული ფორმატის იყო და უცხოელ ინვესტორებს ჰქონდა საშუალება დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი, და USAID საქართველოს დელეგაციის წევრები, ასევე კერძო სექტორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.
 
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, Cushman & Wakefield (C&W, უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანია)-თან თანამშრომობით და მათი მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. C&W მოახდინა ქ. ქუთაისში, ლ. ასათიანის ქ. N 96-ში მდებარე 72836 კვ.მ, ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხნის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 03.04.32.761 ) ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, შეიქმნა ბიზნეს გეგმა, ფინანსური მოდელი და მისი განვითარების არქიტექტურული რენდერი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება გამორჩეულია თავისი საინვესტიციო პოტენციალით და მიმზიდველობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინვესტორების დაინტერესებას აღნიშნულ ობიექტზე მულტიფუნქციური ცენტრის მოსაწყობად.
 
პრეზენტაციის ფარგლებში, MOESD, NASP და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ფართო აუდიტორიას და სხვადასხვა მასშტაბის ინვესტორებს რეგიონის შესაძლებლობების და პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად, ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებული 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება შესთავაზა. მათ შორის, ქალაქ ქუთაისის ისტორიულ და ცენტრალურ უბანში, შოთა რუსთაველის ქუჩა #3-ში მდებარე ქუთაისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობა.
 
აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განვითარების პროექტი იქნება იმერეთის რეგიონში. საქართველოში განხორციელებული მსგავსი ინიციატივები, რეკონსტრუქციები, ხელახალი განვითარება და ორიგინალური საწარმოო ხედვა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც.