ქუთაისში "ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის" ფილიალი გაიხსნა.
სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ფილიალმა სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
2022 წელს სკოლა განახორციელებს ორ სასწავლო პროგრამას: სომელიე და მემარნე.
სომელიეს კურსი - განკუთვნილია სტუმართ-მასპინძლობის (Hospitality), ტურიზმის, სარესტორნო და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის და მისი ამოცანაა, ამ დარგებში ცოდნის განვითარება და სერვისის ამაღლება, როგორც ქუთაისში, ასევე, მთლიანად რეგიონში.
მემარნის კურსი - განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ან აპირებს, დაიწყოს ღვინის წარმოება და მოაწყოს საკუთარი მარანი.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული, მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპონატების გამოფენა.
ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და DMO იმერეთი -ს მხარდაჭერით განხორციელდა.