სიახლეები

ქუთაისში, ქართულ-ავსტრიული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

20 მაისი, 2022
ქუთაისში, ქართულ-ავსტრიული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
 
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა სიტყვით მიმართეს.
 
,,ავსტრიამ ჯერ კიდევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ ქვეყანამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ინსტიტუციონალური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ჩვენი მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები მოიცავს არაერთ სფეროს, მათ შორის ეკონომიკას, განათლებას, ტურიზმს, რომელსაც ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
 
ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ისევე, როგორც მის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ ქალაქში ეს ძალიან კარგად იგრძნობა. აქ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო და შეიგრძნეს ევროპა, როდესაც არც მიმოსვლა იყო მარტივი და არც ამდენი შესაძლებლობა არსებობდა, ახლა კი გრძელდება და ვითარდება ყველაფერი, რაც ახლოს არის ევროპასთან, რადგან ეს არის ჩვენი შინაგანი მოცემულობა, ეს არის ის, რაც ჩვენში საუკუნეებია, დევს.
 
ვაფასებთ ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და გვჯერა, რომ ავსტრია ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, რადგან ჩვენმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ეს არჩევანი ჩვენთვის“ - ზვიად შალამბერიძე.
კლასიკური მუსიკის საღამოს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ.