ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად ადგილზე ეცნობა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა - რეაბილიტაციის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა, სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა, ეზოს კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე ზესტაფონში ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. გზა, რომლითაც ორი სოფლის: ზედა საქარისა და დილიკაურის მოსახლეობა სარგებლობს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხორციელდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 100 - მდე ოჯახს გაუუმჯობესდება გადაადგილება ადმინისტრაციულ ცენტრამდე.
ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით პროექტები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე. პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის: ტელეფასა და რუფოთის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა.
გარდა ამისა პროექტები საგანმანათლებლო მიმართულებითაც ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ რუფოთის #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.
სოფელ ზედა საზანოში კი 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.