სიახლეები

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

10 მაისი, 2022
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარე საკითხებზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ იმსჯელეს.
 
შეხვედრაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხსაც შეეხო.
 
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს.
 
ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) ყველა სარეგისტრაციო მომსახურებას მესაკუთრეები ოფისში მისვლის გარეშე, უფასოდ მიიღებენ. 3 წლის განმავლობაში საჯარო რეესტრი სრულად აზომავს და დარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას.
 
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Igl2nV