დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში - აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. პროგრამა ხორციელდება ოთხ სამიზნე რეგიონში: იმერეთი, გურია, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად, პროგრამის მენეჯერსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე EU4ITD პროექტის განხორციელების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
ამ ინიციატივის კონკრეტულ მიზნებს შორისაა ადგილობრივ დონეზე ეფექტური, ადამიანებზე მომართული და გამჭირვალე მმართველობის განვითარება, რაც დეცენტრალიზაციის, ინკლუზიური და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილზე სერვისების მიწოდების ხელშეწყობის მეშვეობით ხორციელდება.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სამიზნე რეგიონებში ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამისა (PIRDP) და ეროვნული დეცენტრალიზაციის 2022-2025 წწ სტრატეგიის განხორციელებას.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.