სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

30 აპრილი, 2022
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 
დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამტრედიაში 8 მილიონი ლარის ღირებულების ურბანული განახლების პროექტები მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩაზე 6 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. გამოიცვალა შენობების ფანჯრები, დამონტაჟდა განათებები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და სკვერის კეთილმოწყობა.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.
 
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.