სიახლეები

ზვიად შალამბერიძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლითან ერთად, მუნიციპალიტეტების ხელისუფლების, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებასა და დოკუმენტების მოწესრიგებას.
 
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის დაიწყო „კარდაკარ“ კამპანია, სლოგანით - „დააფიქსირე შენი არსებობა“. მისი მიზანია ქვეყანაში მოქალაქეობის არქონის აღმოფხვრა.
 
კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR-თან თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააგენტოსა და UNHCR-ის წარმომადგენლები მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები იმართება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციული ორგანოების (სკოლა, ბაღი, საავადმყოფო, და ა.შ.) ხელმძღვანელებთან, ასევე, თემატურად მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ბენეფიციართა გამოსავლენად და ქვეყანაში უდოკუმენტო პირთა საკითხის გადასაჭრელად.
 
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი ბენეფიციარები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ. მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონებში მოქალაქეობის არმქონე პირების გამოვლენას, მოქალაქეობრივი სტატუსის განსაზღვრასა და დოკუმენტირებას.
 
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში საომარი მოქმედებების შედეგად ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეებით დაინტერესდა. მხარის რწმუნებულმა აღნიშნულთან დაკავშირებით კემლინ ფურლის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.