ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება.
ამჟამად, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული ოჯახები თანამედროვე სტანდარტების ბინებს შემოდგომით მიიღებენ.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.
,,იმერეთში ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რამაც მოგვცა საშუალება შარშან რეგიონში 900 - მდე ოჯახისთვის მიგვეცა საცხოვრებელი ფართი. წლის ბოლოს ქუთაისში ამ რაოდენობას კიდევ 800 ოჯახი დაემატება და როგორც დღეს დაანონსდა 720 ოჯახი დამატებით კიდევ მიიღებს მომავალში ბინებს, რომელთა მშენებლობა დაიწყება უკვე წელს“ - ზვიად შალამბერიძე.
მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში, ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.