ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დამხმარე ღონისძიებების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ (PEM CONSULT), საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად, საპროექტო რეგიონების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, საკონსულტაციო მომსახურების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ესწრებოდა.
პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა. კერძოდ, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენება, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობა და მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შეგროვებისა და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული სისტემა სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ძველ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 27,5 მილიონ ევროს (სესხი (KfW): 20 მილიონი ევრო, გრანტი (EU NIF): 3,5 მილიონი ევრო, ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონი ევრო).
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს” გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.