სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შპს „იმერეთის აგრო ზონის“ ეგიდით იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, შემგროვებელი ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, ასევე გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას და განვითარებას.
პროექტის კონცეფციის მიხედვით, არსებულ ნაკვეთებზე ,,იმერეთის აგრო ზონა“ განავითარებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების ოპერირებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს კლასტერის წევრებისთვის „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით სერვისის მიწოდებას.
აღნიშნული მიმართულების განვითარების მიზნით 18 უცხოურმა და ქართულმა კომპანიამ ხელი მოაწერა წევრობის დეკლარაციას და ახლადდაფუძნებული ა(ა)იპ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრები გახდნენ. შპს „იმერეთის აგრო ზონის“ ორგანიზებით სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის I ფაზის იმპლემენტაციის დაწყებისა და მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის შესახებ იმსჯელეს შეხვედრაზე.
ახლადდაფუძნებული ცენტრის წარდგენას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
„ეს არის უდაოდ უპრეცენდენტო პროექტი საქართველოსთვის და ძალიან სასიხარულოა, რომ იმერეთში ხორციელდება. ჩვენ დაახლოებით ხუთი ათასამდე სასათბურე მეურნეობა გვაქვს, რომლებმაც შეიძლება გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი და გაზარდონ შემოსავლები. სწორედ ამ სასწავლო ცენტრის ბაზაზე, ისინი მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც მისცემს მათ საშუალებას, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოიყვანონ მათი მოსავალი და გაიტანონ ექსპორტზე ნებისმიერ ქვეყანაში“ - განაცხადა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
„საფუძველი ჩაეყარა ცოდნაზე დაფუძნებული ცენტრის შექმნას, რომლის მმართველობაში და ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსტრუქტურები, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები და უშუალოდ ფერმერები. ცენტრი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და სამ წელიწადში, სახელმწიფო სრულად გადასცემს მის მართვას ორგანიზაციის წევრებს. ეს არის სიახლე საქართველოსთვის, არის ნოვაცია და ევროპული კულტურის დანერგვა ასეთი ტიპის ორგანიზაციების მართვაში“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება. ცენტრი ბაღდათში, საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“-ს მიმდებარედ აშენდება. სასწავლო ცენტრი და სადემონსტრაციო სათბურები 3 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მოეწყობა, სადაც დაინტერესებული პირები პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლიან. მებაღეობის სასწავლო და სადემოსტრაციო ცენტრის მეშვეობით ადგილობრივი ფერმერები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ ჩვევებს, რომლის უახლოესი ეფექტი საშუალო წლიური წარმოების გაორმაგება და სეზონური წარმოების გახანგრძლივება იქნება. ცენტრი არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც წევრობაზეა დაფუძნებული და აერთიანებს უცხოურ და ქართულ აგროპროდუქტების და სასათბურე ტექნოლოგიების, სერვისების და სწავლების და ტრენინგების მიმწოდებელ კომპანიებს. ცენტრის ფუნქციონირების მთავარი ბენეფციარია იმერეთის რეგიონში მოქმედი მესათბურე ფერმერები, რომლებიც ასევე ცენტრის წევრებად არიან გაერთიანებული.
„შპს „იმერეთის აგრო ზონის“ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ი არ იქნება მხოლოდ სასწავლო ცენტრი, ეს არის პლატფორმა, სადაც ფერმერების ყველა საჭიროებას და მოთხოვნას, დახვდება სხვადასხვა ბიზნესის შესაბამისი წინადადება. ეს არის ადგილი, სადაც მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს ადვილად შეხვდება. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის მაქსიმალურად გამარტივებას“ - აღნიშნა შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორმა არჩილ ბუკიამ.
აღსანიშნავია რომ „იმერეთის აგრო ზონამ“ გასულ წელს გამოაცხადა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო წინადადებების მიღება. შედეგად, 10 სხვადასხვა ქვეყნიდან 28 წინადადება მიიღო.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |