უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაცია იმერეთში გრძელდება. ამ შემთხვევაში12 - ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებული თანხა, მთლიანად უკრაინელი ხალხის საჭიროებებისამებრ დაიხარჯება. კერძოდ, ეს თანხა მიემართება მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს" - ზვიად შალამბერიძე.
მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. ასევე, მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა.
ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.