საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ერთიანი ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებისა და სიახლეების დანერგვის, მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით სხვადასხვა რეკომენდაციები განიხილეს . პროექტის ამოცანაა დაინერგოს სიახლეები და შეიქმნას პირობები თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ზრდას.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის ელექტრონული სერვისების განვითარების გზით. ასევე, მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მუნიციპალურ სერვისებზე წვდომის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის გაძლიერება.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მესამე მიზნის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში 2019 წლიდან ეტაპობრივად ინერგება მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა.
მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა, პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღწეული შედეგების წარმოჩენისა თუ გამოწვევებზე სასაუბროდ კარგი შესაძლებლობაა. ასევე, მნიშვნელოვანი და აღსანიშნია სტრატეგიულ პარტნიორთა როლი და მხარდაჭერა პროექტის მიმდინარეობისას.