დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ონლაინ პლატფორმის საშუალებით დღის წესრიგის გათვალისწინებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, წარმოდგენილ პროექტებსა და იდეებზე იმსჯელეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, დეტალურად განიხილა ხარაგაულის მიერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროექტი, ასევე იმსჯელეს ტყიბულის სამტრედიისა და ვანის მიერ წარმოდგენილ 6 იდეაზე.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხარაგაულში იგეგმება სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის მიზანია ბუნების და მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება. გავრცელებული (თუმცა დაუზუსტებელი) ინფორმაციით სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება.
რაც შეეხება იდეებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ურბანული განახლების მიზნით ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციასა და აუთვისებელ, ყოფილ სამრეწველო ურბანულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასევე იმსჯელა რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობაზე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გელათის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და არსებული შენობების, ასევე რუსთაველის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობების რევიტალიზაცია.
ონლაინ შეხვედრაზე იდეა წარადგინა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფელ გადიდში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საავტომობილო გზის მოწყობას.
საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი 1 (ერთი) პროექტი და 6 (ექვსი) იდეა მოიწონეს.
ონლაინ პლატფორმის საშუალებით გამართულ შეხვედრას, გუბერნატორის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე, ლევან კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
იმერეთში ამ მიმართულებით, 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.