სიახლეები

საჩხერეში საახალწლო კონცერტი გაიმართა

27 დეკემბერი, 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით რეგიონებში ჩასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, საჩხერეში საახალწლო აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური ნომრები წარმოადგინა ბენდმა ,,გუფილენდი". ასევე, საახალწლო კონცერტში მონაწილეობდა გელა გნოლიძის ბენდი.
 
დღევანდელ ღონისძიებაზე საჩხერის საპატიო მოქალაქეებიც აირჩიეს. ასევე სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ საუკეთესო პედაგოგები, ექიმები, სპორტსმენები, და სხვა სფეროს წარმომადგენლები.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
,, გრძელდება იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები. დღეს საჩხერლებს ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს ამ საინტერესო კონცერტით. ბავშვებისთვის და ზოგადად მოქალაქეებისთვის მოეწყო ნამდვილი ზეიმი. ასევე გაიმართა სხვადასხვა პერფომანსი. რეგიონის მასშტაბით ღონისძიებები გაგრძელდება არა მხოლოდ 31 დეკემბრამდე არამედ შემდეგშიც" - ზვიად შალამბერიძე.
 
რეგიონში ჩასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში საჩხერეში მთელი დღის განმავლობაში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ჯიხურებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. გარდა ამისა სანტას, ანიმატორებისა და ელფების მონაწილეობით მოეწყო საზეიმო მსვლელობა.
 
ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.
 
საჩხერეში, საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.