სიახლეები

სრიგპ - მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციების ხელშეწყობა

21 დეკემბერი, 2021
ახალი საწარმოების შექმნა, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინოვაციების დანერგვა, არსებული საწარმოების გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების ექსპორტის მხარდაჭერა - ამ საკითხების შესახებ ისაუბრეს ონლაინ პლატფორმის საშუალებით საპილოტე რეგიონების (იმერეთი, გურია, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) სახელმწიფო რწმუნებულებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის/გაფართოების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღნიშნული პროგრამა, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას განავითარონ ბიზნესი და ისარგებლონ ევროკავშირის დაფინანსებით.
 
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციების ხელშეწყობაა. საპილოტე რეგიონებში აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო სოფლის განვითარების სააგენტო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სსიპ „აწარმოე საქართველოში“.
 
2022 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იმერეთში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 10 000 000 ლარი გამოიყოფა.
 
ბენეფიციარებს, რომელთაც სურთ პროგრამაში მონაწილეობა ბიზნესის განვითარების იდეა უნდა წარადგინონ. განაცხადების მიღება მარტიდან დაიწყება.