ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ჩამოსულმა შემსრულებლებმა.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის მიერ შესრულებული სიმღერის ფონზე აინთო. ასევე, მუსიკალური ნომრები შეასრულეს: სალომე ბაკურაძემ, რატი დურგლიშვილმა, მაკა ზამბახიძემ, ელენე ფოჩხუამ და დათუნა მგელაძემ.
,,ქუთაისი და მთლიანად იმერეთი ძალიან საინტერესო ღონისძიებებით ხვდება ახალ წელს, თუმცა არა ისეთი მასშტაბური, როგორიც შეიძლება ყოფილიყო პანდემიის გარეშე. ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები და ჩვენს მოსახლეობასაც მოვუწოდებთ, ყველამ გამოიყენოს პირბადე, იმისთვის, რომ ახალ წელს რეალურად საზეიმო მდგომარეობა გვქონდეს და მივიღოთ ის ზეიმი რაც გვინდა, როგორც ქუთაისში ასევე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში“ - ზვიად შალამბერიძე.
საახალწლო ილუმინაციები რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა.