საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდეს.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
რწმუნებულმა ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდება პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ, რომელიც იქნება მიმართული, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, არამედ პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.
პრემიერმა არჩეულ მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ცენტრალური მთავრობის მზადყოფნა, ჩაერთოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში.