სიახლეები

იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები მიმდინარეობს

3 ნოემბერი, 2021
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ქ. წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების სამუშაოები.
 
იმერეთის მუნიციპალიტეტებში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების, სხვა საინჟინრო გადაწყვეტების, რეკრეაციული სივრცეებისა და პარკების მოწყობის სამუშაოები.
 
მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი.
 
 „განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4 წლიანია. ამჟამად მიმდინარეობს მისი პირველი ეტაპით დაგეგმილი პროექტების შესრულება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
 
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას. პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.