სიახლეები

ვანის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება

2 ნოემბერი, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში არსებული წყალმომარაგების სისტემის სათავე-ნაგებობა დაათვალიერეს და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
 
ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი.
 
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის -სალხინოს, ციხესულორის, შუამთას, ზედა ვანის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
 
წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციზე ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი.
 
პროექტს, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
 
ქალაქ ვანის მოსახლეობას ამ დროისთვის წყალმომარაგება აქვს, თუმცა არსებული ქსელი მოძველებულია, ხშირია დაზიანებები, რის შედეგად ადგილობრივებს წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ.
 
პროექტის განხილვის შემდეგ სტუმრებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.
 
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია.