იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. გუბერნატორმა მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები და წინადადებები განიხილა.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე. მხარის რწმუნებულმა ინფიცირების გაზრდილ რაოდენობასა და რეგულაციების სრულ დაცვაზე ისაუბრა. ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთონ კოვიდის მართვის პროცესში და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისად იმოქმედონ. თავის მხრივ მერებმა ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
დღევანდელ საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტმა: ქუთაისმა, წყალტუბომ, ჭიათურამ, ბაღდათმა ტყიბულმა და ხარაგაულმა, 4 000 000-მდე ლარის ღირებულების 6 პროექტი წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებულია ტურისტულ ლოკაციებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა.
საბჭოს წევრებმა ექვსი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირეს. ასევე, მოიწონეს სამი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 16 საპროექტო წინადადება.
იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.