სიახლეები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სასწავლო წელი რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყო

6 ოქტომბერი, 2021
იმერეთში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ამ მიმართილებით რეგიონში 2021 წელს აშენდა 7 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას. ამჟამად მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა და 19 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება ჯამში 64 მლნ ლარზე მეტია.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, სიმბოლურად სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა, დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 
,, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რის ფარგლებშიც წელს უკვე იმერეთში 7 ახალი სკოლა აშენდა და მოხდა 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას სანამ თითოეულ ბავშვს, როგორც სკოლის მოსწავლეს ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელს არ ექნება ის პირობები, რაც მათთვის არის მისაღები და კომფორტული " - ზვიად შალამბერიძე.
 
100 წლის წინ აშენებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.
 
აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული.
 
რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.
 
სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი.
 
შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რომელიც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.
 
სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი.