იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია.
საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 სთ-ით მცირდება, ახალი გზით მგზავრობას 6 სთ-ის ნაცვლად 4,5 სთ-ი დასჭირდება.
ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს - იმერეთსა და რაჭას, გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.
საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გზის მშენებლობის პროექტი სქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა უზრუნველყოფს ბევრად უფრო უსაფრთხო და სწრაფ კავშირს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა მხოლოდ გაუმჯობესებულ გადაადგილებას, არამედ ახალი შესაძლებლობების გაჩენით, სოციალ-ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს.