იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, DMO იმერეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად შალამბერიძე და იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი მეღვინეებს შეხვდნენ და „იმერული ღვინის ასოციაციის“ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„ იმერული ღვინის ასოციაცია“ იმერეთის ტურიზმის სამსახურმა DMO იმერეთმა დააფუძნა. ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა იმერული ღვინის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა, იმერული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ამაღლება, ასოციაციის წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება, გამოფენებში და კონკურსებში აქტიური ჩართულობა, იმერული ღვინის ფესტივალის ჩატარება და სხვადასხვა სახის ბაზრობების მოძიება.
ასოციაციის სამომავლო გეგმები ასევე ითვალისწინებს იმერეთში ღვინის ლაბორატორიის გახსნას, ბაღდათის, როგორც ადგილწარმოშობის ტერიტორიის აღიარებას, იმერული ღვინის გზამკვლევის შექმნას, სანერგე მეურნეობის გაშენებას, ეპიდსიტუაციის შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო ექსპერტების, ღვინის მაგისტრებისა და სომელიების მოწვევას.
ასოციაციას ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთევან ჯურხაძე უხელმძღვანელებს.
DMO იმერეთის ოფისში 13 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იმერელ მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.