ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ბენეფიციარებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს.
,,ჩვენი ხელისუფლება არაერთი წელია ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით შეამციროს მოქალაქეების მიგრაცია საზღვარგარეთ. სწორედ ეს არის ის პროექტი, რომელიც ამას ხელს უწყობს და ჩვენს მიგრანტებს, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ეს პროექტი გაგრძელდება და მათ კიდევ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ იმ სიკეთით რასაც სახელმწიფო დამატებით შესთავაზებს“ - ზვიად შალამბერიძე.
სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
მიმდინარე წელს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს, მათ შორის 76-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემა.