საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ჭიათურაში, განახლებული საბაგიროს დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნენ.
ჭიათურის ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით დღეში დაახლოებით 2 000 ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდების საშუალება.
პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს.
ჭიათურაში აშენდა 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა ქალაქის 4 სხვადასხვა მიმართულებით მდებარე უბნებისათვის. ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზები გადაიყვანენ მგზავრებს შემდეგი მიმართულებით: 1. სანატორიუმი (862 მეტრი); 2. ნაგუთი (1081 მეტრი); 3. ლეჟუბანი (845 მეტრი) და 4. მუხაძე (640 მეტრი)
ახალი საბაგირო გზის ოთხივე მიმართულება უკვე შესულია ექსპლოატაციაში და ემსახურება მოსახლეობას.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით განახორციელა.
პროექტის საერთო ღირებულებამ 55 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა.
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ ,,პომამ“, მათ შორის საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო, საბაგირო გზების მშენებლობაზე, ქართულ კომპანიასთან ერთად, მუშაობდნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები.
საბაგირო ტრანსპორტი ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული საბაგირო ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.