სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
,,დღევანდელი მონაცემებით იმერეთში, ფაქტიურად აცრების რაოდენობით ჯამში 100 000-მდე ავედით. ეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ქუთაისში გაიხსნა მოგვცემს საშუალებას, რომ დაახლოებით 1500-მდე მოქალაქე ავცრათ დღეში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აცრილების რაოდენობას არა მარტო ქუთაისში არამედ იმერეთში. ასევე, ხვალ ვგეგმავთ ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრის გახსნას და რეალურად ძალიან მალე მივუახლოვდებით იმ ნიშნულს, რომელიც არის მინიმალური რაც გვაქვს დასახული. ჩვენი მიზანია მოსახლეობის ის ფენა აიცრას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ზოგადად პანდემიის გავრცელებაზე“ - განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. დილიდან ვაქცინაციის პროცესი აქტიურად დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 1000-დან 1500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.
24 აგვისტოს, რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.