ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.
გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, ქალაქ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
,,დღეს ჩვენ განვიხილეთ წყალტუბოს რეაბილიტაციის გენგეგმა. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა და შესაბამისად მოეწყო საჯარო განხილვა. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და აქტიურად მიმდინარეობს. წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციით მივუახლოვდით კიდევ ერთ ეტაპს, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები" - განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფის - „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს.
კომპანია „ბაუ დიზაინმა“ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე 2020 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები.
საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის ავტორთა გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია - მარკო არდიელი (იტალია) - არქიტექტორ/ქალაქმგეგმარებელი; საპროექტო ჯგუფში კონსულტანტად მოწვეულია - ფერუჩიო ტაზინატო (იტალია) - არქიტექტორი/კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი; ქალაქგეგმარებითი ნაწილს წარმოადგენენ - მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები; ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელია - ფრედერიკ ლე ფიშუ; ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტია - დევიდ ნათი; ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს - ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი; გარემოს ნაწილს - „გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი“, ხოლო ტურიზმის ნაწილს - „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“.
წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.