საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, COVID -19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებს ესაუბრა და მოქმედი პროტოკოლი მათთან ერთად განიხილა.
ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის პირობებში ექიმებისა და მედპერსონალის პროფესიულ თავდადებაზე გააკეთა აქცენტი. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, პაციენტების მართვის პროცესში სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენლის ღვაწლი შეუფასებელია. ეკატერინე ტიკარაძემ გაწეული შრომისთვის რეგიონის სამედიცინო მუშაკებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
,,დღეს შევხვდით ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორს. ჩვენ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა COVID 19-ის მართვაში და ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათთან აქტიური კომუნიკაცია, რადგან ეფექტურად მოხდეს პანდემიის და ზოგადად პაციენტების ნაკადის მართვა, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს დღევანდელ დღეს.
მეორე მიმართულება რაზეც ვისაუბრეთ არის ვაქცინაცია, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ამ გზით ვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას" - ზვიად შალამბერიძე.
მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში ოჯახის ექიმების როლი გამოჰყო. ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალს ვაქცინაციის გეგმის წარმატებით განხორციელებაში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.