იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გამართა, სადაც რეგულაციებსა და მათი აღსრულების ღონისძიებებზე იმსჯელა.
ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრება და აღსრულება არის მნიშვნელოვანი, რათა COVID-19-ის გავრცელება შემცირდეს. გარდა ამისა სოციალური, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აკრძალვაზეც გაამახვილა ყურადღება და შტაბის წევრებს მოუწოდა დარღვწვების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ.
სხდომაზე რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, ადგილობრივი უწყებების ჩართულობასა და კოორდინირებულად მუშაობის ეფექტურობაზე იმსჯელეს. სხდომას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ა.შ. პირბადის ტარება ასევე სავალდებულო ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება.
ამასთან, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება; შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა 00:00-05:00 საათამდე პერიოდში.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება;
ამასთან, საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოსვლისას, პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილ პირებზე.