სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საჯაროდ აიცრა

9 აგვისტო, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საჯაროდ აიცრა.
 
,, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა საზოგადოებამ მოახდინოს კონსოლიდაცია ერთი მიზნის გარშემო, ეს არის ჩვენი ახლობლებისა და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გაფრთხილება. სწორედ ამის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია და რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ის მიმართვიანობა, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ეს არის და იქნება ერთადერთი საშუალება COVID-19-ის დამარცხებაში" - განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
 
გუბერნატორის განცხადებით ეპიდემიას მხოლოდ ჩაკეტვებით ვერ დავამარცხებთ. მან მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ასევე, მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
 
იმერეთის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაცია უკვე დაიწყო სოფლებშიც, მოსახლეობა აცრას ამბულატორიებში იკეთებს.
 
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.
გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.