სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ენჯეო სექტორს შეხვდა

5 აგვისტო, 2021
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის ფარგლებში გამართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ენჯეო სექტორი გაეცნო სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნებს, ამოცანებსა და სამომავლო გეგმებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სამუშაო პროცესში შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და კვლევით ცენტრების პროაქტიული ჩართულობის მნიშვნელობაზე.
 
სამთავრობო კომისიის მიზანია, ჩამოყალიბდეს ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესი (whole-of-nation process), რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი, კომპლექსური და ყოვლის მომცველი სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან არამხოლოდ სახელმწიფო უწყებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების დონეზე, არამედ ფართო საზოგადოება - კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აკადემიური წრეები, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯგუფები. პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული ჩართულობითა და ქმედითი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდეს სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელება.
 
2021 წლის 23 ივნისს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამთავრობო კომისიის შექმნა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებად სახავს ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და ანექსიური პროცესების პრევენცია, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგება, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენა და ქვეყნის გამთლიანება, კონფლიქტის მოგვარება და ტრანსფორმაცია, ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს მოსახლეობისათვის მშვიდობიანი და ღირსეული მომავლის შექმნა გამყოფი ხაზების გარეშე.