იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარის გუბერნატორმა შეხვედრაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის, დარგის გამოწვევების, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმერეთისთვის. ორი წლის განმავლობაში რეგიონში მთლიანად 69 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებას შევძლებთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი არის ტურიზმის მიმართულება. დღეს შევიკრიბეთ ჩვენ იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც ჩართულია ამ სექტორში. მათი ჩართულობა და ინფორმირება ამ პროექტების განხორციელების შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ ფაქტიურად ყოველდღიურად აქვთ შეხება ამ სფეროსთან" - ზვიად შალამბერიძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების აღდგენის დინამიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის.
განიხილეს ის გეგმებიც, რომელიც ხელს შეუწყობს იმერეთის მხარის პოპულარიზაციას, რაც, პირველ რიგში, გააძლიერებს იმერეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ასევე, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყო ინფო-ტური და მათ ჰქონდათ საშუალება ენახათ გამოფენა ,,სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი".
საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს. პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.