სიახლეები

წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

14 ივლისი, 2021
იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა სულ მალე წყალტუბოს მოსახლეობასაც შეეძლება. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იუსტიციის სახლის წყალტუბოს მშენებარე ფილიალი დაათვალიერეს.
 
მშენებარე ფილიალში უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული, საინჟინრო და გარე მოპირკეთების სამუშაოები. ამჟამად ფილიალის შიდა სამღებრო და იატაკების მოწყობის სამუშაოები სრულდება.
 
წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდება. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძობენ საქმიანობას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანიზაციები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობენ.
 
წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 2 505 000 ლარია და ის იმერეთის რეგიონში მეორე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 27-ე ფილიალი იქნება, რომელიც მოძველებულ, საბჭოთა პერიოდის, ინფრასტრუქტურას ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლებს.
 
წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება, რომელმაც ძველი ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი თანამედროვე და მოდერნისტული გადაწყვეტით წარადგინა.
 
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 2 წლის განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ 6 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება.