მსჯავრდებულები ქუთაისში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ, რაზეც დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქალაქ ქუთაისის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გრიშაშვილის ქუჩაზე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირებისთვის სპეციალური სკვერი გამოყო.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც
დასასვენებელი სივრცის მოვლა/დასუფთავებას უზრუნველყოფენ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა მსჯავრდებულების მერიის შესაბამის სამსახურებში/სკვერებში დასაქმების გზით.
მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაში, შესრულებული შრომით კი აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.