სიახლეები

ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

7 ივლისი, 2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ დავით ერემეიშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გახსნეს. გრიშაშვილის ქ. N16-ში მდებარე ოფისი მოქალაქეებს მოემსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე.
 
ქუთაისში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლების დროულ ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ. ასევე, სპეციალისტები მოქალაქეებს კონსულტაციებს გაუწევენ და დაეხმარებიან უფლებების დაცვასა და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების მოგვარებაში.
 
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს სემეკთან ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურთან დაკავშირება შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216. (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).